"აქ ჯოჯოხეთია დედამიწაზე... არც ერთი მთავრობა არ ყოფილა და არ არის ჩვენი პატრონი"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ეგრეთწოდებულ, "მეურნეობის ბინებში" არსებულ გაუსაძლის პირობებზე ყველა საუბრობს, თუმცა, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

 

ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდგარი კორპუსი, რომელშიც 12-მდე ოჯახს აქვს შეფარებული თავი, უმძიმეს მდგომარეობაშია _ ჩამოშლილი და მინგრეულ- მონგრეული, უსახური და ამაზრზენი ოთახები. რომ არა იქ მოფუსფუსე ადამიანები, იფიქრებ, რომ შენობა მიტოვებულია.

 

ბინის მეორე სართულზე თითქმის არავინ ცხოვრობს _ წვიმის წყალი, საწვიმარი ღარების არქონის გამო, პირდაპირ ოთახებში ასხამს.

 

როგორც ბინის მცხოვრებლები ამბობენ _ აქ "ჯოჯოხეთია დედამიწაზე".

 

ადგილზე მისულებს მობინადრეები ლოცვითა და თხოვნით შემოგვეგებნენ: _იქნებ რამე გვეშველოს, _ შემოგვჩივლა ერთმა ბინადარმა, რომელსაც დახმარების იმედი ისევ შემორჩენია.

 

_ არაფრის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მაინც კარგია, რომ გაგახსენდით, _ დაამატა მეორემ.

 

როგორც მობინადრეები ამბობენ, ასეთი რთული და გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მათზე არავის უზრუნია. ეზოში მყოფმა მოხუცებმა შემოგვჩივლეს, რომ უკვე იმედიც აღარ დარჩათ იმისა, რომ ვინმე მათზე იზრუნებს და მძიმე პირობებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს.

 

ეთერ თიბილაშვილი: _ 4 თვის წინ ინსულტი მომივიდა, რძალი გარდამეცვალა, ჩემი შვილი სხვის ნაცვლად, უდანაშაულოდ არის დაპატიმრებული. უფროსი შვილი 50 წლისაა. უმძიმეს პირობებში ვცხოვრობთ. ერთხელ ყურადღება მხოლოდ გია გოგუაძემ მოგვაქცია _ გადახურვაში დაგვეხმარა. წყალიც არ გვაქვს _ ეზომდე უნდა შემოეყვანათ, მაგრამ არ შემოიყვანეს, შორიდან ვეზიდებით, არც ბუნებრივი აირი გვაქვს. მართალია, სახურავი არის, მაგრამ საწვიმარი ღარების არქონის გამო, წყალი ოთახებში შემოდის. ამირან გიგინეიშვილთან ვიყავი, დამპირდა, დაგეხმარებითო.

 

ლუდა აფანასიევა: _ არჩევნებამდე ყველა გვეუბნებოდა, გავაკეთებთო, ოღონდ ხმები აეღოთ და რას არ გვპირდებოდნენ. დასრულდა არჩევნები და დაპირებებიც აუსრულებელი დარჩა. სოციალურ დახმარებას ყველა ვიღებთ, მაგრამ სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია. არც ერთი მთავრობა არ ყოფილა და არ არის ჩვენი პატრონაი _ ვართ ყველასგან მიტოვებული და მივიწყებული. უკვე იმის იმედიც კი გადაგვეწურა, რომ ვინმე დაგვეხმარება!

 

ვალია ნასყიდაშვილი: _ ჩამოშლილია ჭერი, ოთახებში წყალი ჩამოდის. ერთი კვირის წინ ინფრასტრუქტურის სამსახურმა წვიმისგან დასაცავად ჩამოხურული გამიკეთა. სოციალური დახმარება მაქვს, მაგრამ წამლის ფულად არ მყოფნის. სასმელი წყალი არ გვაქვს არც ბინაში და არც ეზოში, შორიდან ვეზიდებით. ძალიან გვიჭირს არსებობა.

 

ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის მაკა სულაბერიძის თქმით, წყლის მილები აღნიშნულ საცხოვრებელ ბინებამდე მიყვანილია, თუმცა, სახლში არ არის შეყვანილი: _ რაც შეეხება დახმარებას, ბინების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარების გაწევა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვიდეს. მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა მოგვარდება, დახმარების გაწევაც უფრო გაადვილდება, _ ამბობს მაკა სულაბერიძე.

 

გურიაnews / ნინო ონიანი

1-07-2014, 00:56    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი