ტაბატაძე:"შესაძლოა ვიყო ვიცე მერი, ან აპარატის უფროსი", ირმა კვაჭანტირაძე კი, გოგიბერიძის მხარდაჭერას უარყოფს

"კონკრეტულად ჯერჯერობით, თუ ვინ სად დაინიშნება არ შევთანხმებულვართ, ჯერ უნდა გადავხტეთ და ჰოპლა შემდეგ დავიძახოთ, წინ მეორე ტურია.

 

შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ შოთა გოგიბერიძის გამარჯვების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად, მე, შოთა გოგიბერიძე, კახა ჩავლეშვილი და მირზა ჩხიკვიშვილი.მე თანამდებობისათვის არ ვიბრძვი-ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვი-შესაძლოა ვიყო ვიცე მერი, შესაძლოა აპარატის უფროსი"-განუცხადა "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, პარტია "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზიდან" ვანო ტაბატაძემ.

 

ტაბატაძემ, გასული, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ოზურგეთის მერის პოსტზე იყარა კენჭი, მიიღო ამომრჩეველთა 16%-იანი მხარდაჭერა, გავიდა მესამე ადგილზე და მეორე ტურს მიღმა დარჩა.

 

თუმცა დღეს, სხვა დამარცხებულ კანდიდატებთან, კახა ჩავლეშვილთან "ბურჯანაძე დემოკრატები" და მირზა ჩხიკვიშვილთან "ლეიბორისტული პარტია",ერთად, მეორე ტურში გასული შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერი შტაბი ჩამოაყალიბა.

 

ამ გადაწყვეტილების შესახებ, დამარცხებულმა კანდიდატებმა, საზოგადოებას, დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული ბრიფინგიდან ამცნეს.

 

ამ ბრიფინგში, მეორე ტურში გადასული მერობის კანდიდატი "საქართველოს პატრიოტული ალიანსიდან" შოთა გოგიბერიძეც მონაწილეობდა.

 

სწორედ გოგიბერიძემ განუცხადა ბრიფინგის შემდეგ "გურიის მოამბეს" ექსკლუზიურად, რომ ის დანარჩენ მერობის კანდიდატებთან, უკვე შეთანხმდა, გამარჯვების შემთხვევაში ერთობლივ მუშაობაზე. თუმცა მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა, რომელი ყოფილი კანდიდატი, რა პოსტს დაიკავებდა.

 

ვანო ტაბატაძემ ზემოაღნიშნული განცხადება გოგიბერიძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

 

ის, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გადაწყვეტილებებს ეს ოთხეული მიიღებს, "გურიის მოამბესთან" საუბარში,  მერობის ყოფილი კანდიდატი "ლეიბორისტული პარტიიდან", მირზა ჩხიკვიშვილიც ადასტურებს.

 

"ჩვენ კონკრეტულად თუ ვინ სად წავა არ შევთანხმებულვართ, შევთანხმდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში დავსხდებით, დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ."-აცხადებს ჩხიკვიშვილი.

 

რაც შეეხება მერობის კიდევ ერთ ყოფილ კანდიდატს, "არასაპარლამენტო ოპოზიციიდან", ირმა კვაჭანტირაძეს, რომლის სახელმა და გვარმა, დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, როგორც გოგიბერიძის მხარდამჭერმა, ისე გაიჟღერა, აცხადებს:"მე არავინ დამკავშირებია, ჯერჯერობით გადაწყვეტილება, თუ ვის დავუჭერ მხარს არ მიმიღია, არანაირი თანამდებობა მე არ მინდა, დავდგები იქ სადაც იქნება ხალხი"-თქვა ქალბატონმა ირმამ.

 

გურიის მოამბე

23-06-2014, 23:27    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი