აჭარაში ფერმერებმა ციტრუსი გადაყარეს

ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა. სოფელ ხალას მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს განსაკუთრებით უხვი მოსავალი იყო, რისი რეალიზაციაც ვერ შეძლეს და იძულებული არიან გაფუჭებული მანდარინი გადაყარონ. ფერმერებს 15-თეთრიანი სახელმწიფო სუბსიდიის აღების პრობლემაც აქვთ. 

როგორც ხალაში მცხოვრებმა გურამ შაქარიშვილმა განაცხადა, წელს თოვლის მოსვლამდე 10 ტონა მანდარინი მოკრიფა, საიდანაც 6 ტონის რეალიზაცია შეძლო, ხოლო 4 გადაყარა. მისივე თქმით, რეალიზაციის პრობლემის გამო ციტრუსის დაკრეფას აზრი არ აქვს.

"თოვლის მოსვლამდე 10 ტონა მანდარინი მოვკრიფე და როგორც კი მყიდველი გამოჩნდა, 6 ტონა გავყიდე, დარჩენილი 4 ტონის წვენის ქარხანაში ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზები ჩაკეტილი იყო, მანქანის დაქირავება კი ძვირი ღირდა. 4 ტონა მანდარინი გაფუჭდა და გადავყარე, ორი ამდენი კი ხეებზეა დარჩენილი. 6 ტონა გავყიდე 24 დეკემბერს, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტი რადგან არ გაგვიფორმეს, სახელმწიფო სუბსიდიას კილოზე 15 თეთრს ვერ ავიღებ. ხალას გამგებელს და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ვესაუბრე, მითხრეს გეკუთვნის სუბსიდიაო, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ავიღე", - აღნიშნა გურამ შაქარიშვილმა. 

ფერმერმა ხასან კაჭახმაძემ აღნიშნა, რომ შუამავლები, რომლებიც ციტრუსს ყიდულობენ სუბსიდიისთვის მიღება-ჩაბარების აქტს ვერ აფორმებენ.

"შუამავალი მოვიდა და ერთ კილო მანდარინზე 50 თეთრი გადამიხადა. მიღება-ჩაბარების აქტი ვთხოვე, მაგრამ არ გამიფორმა. სუბსიდიის აღებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ", - განაცხადა ხასან კაჭაყმაძემ.

 

სანა

21-01-2014, 22:28    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი