"ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობიდან ისე წავიდა, მასთან ინტერვიუ ვერ გავაკეთე"

 

ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთვის 2014 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო – "ტვ 3"–დან "იმედზე" დაბრუნდა და იანვრის ბოლო რიცხვებიდან იქ ახალ ტოქ შოუს წაიყვანს. გადაცემას კვლავინდებურად "რეაქცია" ერქმევა, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრამდე ერქვა, სანამ ამ ტელეკომპანიას სააკაშვილის ხელისუფლება დაარბევდა, რის შემდეგაც, როგორც მოგეხსენებათ, ინგა პოლიტიკაში წავიდა, თუმცა დროებით. განახლებულ "რეაქციაში" ინგა არამარტო წამყვანი იქნება, არამედ გადაწყვეტილი აქვს, მონატრებულ რეპორტიორობასაც დაუბრუნდეს. 

– ინგა, როგორ გააცილეთ 2013 წელი და რა განწყობით შეხვდით 2014–ს? 

– წლევანდელი წელი ძალიან საინტერესოდ და კარგად დაიწყო. 2013 წელი არაჩვეულებრივი იყო, ასეთი წელი, რომელიც ცუდს არაფერს უკავშირდებოდა, იშვიათად მახსენდება. შესაბამისად, 2013 წლის კარგი განწყობით გადავედი 2014–ში. ახალ წელს სახლში, მეგობრებთან ერთად შევხვდი. ამ დღეებში თავისუფალი დრო მეწურება, ამიტომ სადაც წასვლა მომიხერხდა, ყველგან ვიყავი. გასული წელი ჩემთვის კარგი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს პროფესიას, ჩემს საქმეს, ტელევიზიას დავუბრუნდი. უფლის მადლობელი ვარ, რომ იშვიათი, მაგრამ ასეთი კარგი წელი მქონდა. 

– "ფეისბუქზე" გეწერათ, რომ პირველი იანვრიდან ახალი ცხოვრება დაიწყეთ. ეს თქვენს ახალ სამუშაოს უკავშირდება? 

– ახალ, ძალიან დიდ, მასშტაბურ პროექტს ვიწყებ. ეს იქნება გადაცემა მთელი კვირის მთავარ პოლიტიკურ თემაზე და არამხოლოდ პოლიტიკურზე. შესაძლებელია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების განხილვაც იყოს. ძალიან კარგი მოლაპარაკება შედგა და ვიმედოვნებ, საინტერესო პროექტი იქნება. გადაცემას ისევ "რეაქცია" ერქმევა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელების იდეა იყო, გადაცემას ისევ ეს სახელი რქმეოდა, რაც ჩემთვისაც მომხიბვლელი აღმოჩნდა. ჩემთვის ეს წინადადება ძალიან საინტერესო იყო, რადგან მასშტაბური შოუ უნდა გავაკეთო, ამიტომ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეტალებს ვერ მოგიყვებით, მაგრამ მხოლოდ პირდაპირ ეთერში და მხოლოდ სტუდიიდან არ ვიმუშავებ, რეპორტაჟებსაც გავაკეთებ. ეს ჩემი დიდი სურვილი იყო, რადგან მიკროფონის ხელში აღება და ქუჩაში გასვლა ძალიან მომენატრა. თუ არ ვცდები, 2000 წლიდან მოყოლებული რეპორტაჟები აღარ მიკეთებია. ზუსტად ვიცი, რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდება. 

– "ტვ 3" ადვილად დათმეთ? 

– "იმედის" მხრიდან ეს კარგი წინადადება იყო. ნაციონალური არხია, სრულიად საქართველოს ფარავს და არამარტო საქართველოს, ეს კი ყოველთვის ძალიან დიდი ხიბლია. ძალიან მიყვარს "ტვ 3", სადაც დიდი შრომა ჩავდე, რადგან ამ წუთამდეც კი ერთადერთი პროდუქტი, რაც იდებოდა, ჩვენი გადაცემა "დიდი პოლიტიკა" იყო. ძალიან მიხარია, რომ ყოველგვარი რეკლამის, პიარის გარეშე მოვახერხეთ, არხი ბრენდი გამხდარიყო. ამაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვით მათ, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი.

"დიდი პოლიტიკა" ჩემი საავტორო გადაცემა იყო, სახელიდან დაწყებული მუსიკით დამთავრებული ჩემი მოფიქრებული გახლდათ, მაგრამ ის დავტოვე. არაფერი შეიცვლება, უბრალოდ სხვა წამყვანი ეყოლება. 

– მოკლედ, თქვენს კარიერაში ისევ ახალი ეტაპია. მგონი, ყველა არხზე იყავით და ახლა "მეორე წრეზე" წახვედით.

– ტელევიზიებს ძირითადად ჩემი გადაცემების დახურვის გამო ვიცვლიდი. ერთი არხიდან მეორეში, იქიდან მესამეში ჩემი ნებით არ გადავდიოდი. როცა ჟურნალისტი ხარ, სადაც შანსი გეძლევა, გადაცემას იქ აკეთებ. 

– არის თუ არა ინგა გრიგოლია ისეთივე რეიტინგული, როგორიც წლების წინ იყო თუ ახალმა თაობამ, ასე ვთქვათ, გადაფარა? 

– არასოდეს შემრცხვება იმის თქმა, რომ ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია პოლიტიკაში ჩემი წასვლა. როცა პოლიტიკაში მიდიხარ და მერე უკან ბრუნდები, ძალიან რთულია ეს ეტაპი გადალახო. რაც შეეხება რეიტინგს, რა თქმა უნდა, "ტვ 3"–ის რეიტინგით რამის თქმა შეუძლებელია. არხი ახლა კეთდება, ამიტომ ეს ის რეიტინგი არ იყო, რასაც მიჩვეული ვიყავი, მაგრამ არც არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ერთადერთი ვიყავი. ყველაზე რეიტინგული მე არ ვყოფილვარ. მაგალითისთვის გეტყვით, როცა "იმედში" "რეაქცია" პიკში იყო, რეიტინგებში სხვა, მაგალითად, გიორგი თარგამაძე ლიდერობდა. ახლაც ვთვლი, რომ ერთ–ერთი ნორმალური, რიგითი, ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ, რომელსაც გადაცემების კეთება გამოსდის. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ სულაც არ გამომდის. 

– დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლების დროს იყავით აქტიური ჟურნალისტი. შედარება რომ გააკეთოთ, ახლა როგორ რეალობაში გიწევთ მუშაობა? 

– არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ ვიღაცას ვეფერები, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან კარგი გარემოა. ვერ ვიტყვი, რომ რესპონდენტების მხრიდან თანამშრომლობის სურვილი არ არის, აღმასრულებელ ხელისუფლებას ვგულისხმობ. რაც შეეხება საპარლამენტო გუნდს, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ, თანამშრომლობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი უბედურებაა. საპარლამენტო უმრავლესობიდან ძირითადი ნაწილი პირდაპირ ეთერში სიარულს, ინტერვიუების მიცემას უფრთხის. როცა ბიძინა ივანიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრა იყო, იქ მან მკითხა, ყველაფერში ცუდს რატომ ხედავთო. მასაც ვუთხარი და თქვენც გეტყვით: ის, რაც კეთდება, საპარლამენტო გუნდმა ხალხამდე უნდა მიიტანოს. ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობიდან ისე წავიდა, მასთან ინტერვიუ ვერ გავაკეთე, თუმცა, როცა ჩემი გადაცემები დავიწყე, მას ექსკლუზიური ინტერვიუების მიცემა უკვე დამთავრებული ჰქონდა. ახლა რომ მკითხოთ, ალბათ ყველაზე საინტერესო ინტერვიუ მასთან გამომივიდოდა. 

– როცა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ჟურნალისტებს ორდენები დაურიგა, თქვენ უარი თქვით ამ ჯილდოზე. თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტმა თქვენი დაჯილდოება? 

– ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ჩემმა მეგობარმა პოლონეთიდან დამირეკა და თამარ მეფის ორდენი მომილოცა. მეგონა, მეხუმრებოდა. არ ვიცი, მიშამ რატომ გადაწყვიტა ჩემთვის ორდენის გადმოცემა, რადგან, თუ დავითვლით, ყველაზე მეტი ჩემი გადაცემა სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაიხურა. მადლობა ორდენისთვის, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ჟურნალისტებს ორდენებს უნდა ურიგებდნენ. მიხეილ სააკაშვილი კი არა, ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო, იმავეს ვიზამდი. 

– მასთან ინტერვიუს აღება არ გიცდიათ? 

– მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ვცადე, მაგრამ უარი მივიღე. მითხრეს, ინტერვიუების მიცემა დაასრულაო, არადა უცხოურ მედიასთან კონტაქტობს. მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მგონია, რომ ახლანდელი პრეზიდენტიც არ არის ძალიან გახსნილი. მას პრეზიდენტობის შემდეგ ორი ინტერვიუ ჰქონდა და ისიც თეა სიჭინავასთან. გიორგი მარგველაშვილიც უცხოურ მედიასთან კონტაქტობს აქტიურად და ეს მაბნევს. 

– კარიერაში ყველაფერი კარგად გაქვთ, პარალელურად პირად ცხოვრებაში თუ არის სასიამოვნო სიახლეები? 

– პირადშიც კარგადაა ყველაფერი. როცა გითხარით, რომ 2013 წელი წარმატებული იყო, ამაში პირადიც ვიგულისხმე. ყველაფერი კარგად მაქვს, იმდენად კარგად, რომ ვერ ვიჯერებ, თუ შეიძლება, ასე მშვიდად და ნორმალურად მქონდეს ყველაფერი. 

– როგორც მახსოვს, ექიმთან გაქვთ რომანი. 

– ამაზე არ გიპასუხებთ. პირადი ცხოვრება აწყობილი მაქვს. 

– ოჯახშიც ახალი წევრი გყავთ, ძაღლი ბობო. სოციალურ ქსელში მის ფოტოებს ხშირად აზიარებთ ხოლმე. 

– კი, ამ ბოლო დროს ძაღლებმა ძალიან გამიტაცა. 9 წლის პუდელი მყავს და გადავწყვიტე, ეს ძაღლიც მყოლოდა. ლაბრადორია, ჯერ ერთი წლისაც არ არის. მთლიანად ამ ძაღლის მოვლა–პატრონობაში ვარ ჩართული. ძალიან კარგი, თბილი და ტკბილია. ხომ ამბობენ, სახლში რომ მივდივარ, შვილი ყველაფერს მავიწყებსო. ჩემი შვილი, მარიამი, ახლა ძალიან დიდია, ალბათ ამიტომაც გადავედი ბობოზე და ბიბიზე. სახლში როცა მოვდივარ და ბობო მხვდება, ბედნიერი ვარ. 

– დაბოლოს, რას ელოდებით ახალი, 2014 წლისგან? 

– სიახლეებს. საქმის თვალსაზრისით საინტერესო ეტაპი დამეწყო, პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება, რადგან სულ მალე თვითმმართველობების არჩევნები მოდის და ძალიან სერიოზული ბრძოლა გაიმართება. რაც შეეხება სხვა სურვილებს, მინდა, ჩემ გარშემო ყველა ჯანმრთელი იყოს. ველოდები, რომ ძალიან სტაბილური წელი იქნება, სტაბილურში სამსახურს და პირადს ვგულისხმობ. 

 

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე  

21-01-2014, 22:19    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი